დინანტი,საქსოფონისა და Leffe-ს ქალაქი

თუ თქვენ ბელგიაში იმყოფებით, არც ქოთანში ზრდით თქვენს კუთვნილ მარიხუანას და მაინცდამაინც არც გრანდ პლასის კუნჭულებში გეხალისებათ მისი ყიდვა, დროა ცენტრალურ სადგურს მიაკითხოთ და დინანტისკენ გაეშუროთ.

კოსმოპოლიტური და ქაოტური ბრიუსელის შემდეგ დინანტი კიდევ უფრო დაგაბნევთ,თავს დაგამახსოვრებთ და შეგაყვარებთ.

სახელი “დინანტი” კელტური სიტყვიდან მომდინარეობს და წმინდა, ღვთაებრივ ხეობას ნიშნავს. ეს საკმაოდ მრავალფეროვანი, ისტორიული წარსულის მქონე ქალაქია საბრძოლო მარცხებითა თუ გამარჯვებებით, ციტადელითა და ზღაპრული სასახლეებით, ჯაზ-მუსიკითა და მარიხუანის სურნელით გაჯერებული.

ქალაქში შესვლისას პირველი  შარლ დე გოლი მოგესალმებათ მისეული მართკუთხისებური ფორმებითა და ობოლი ბავშვის გამოხედვით. სამხედრო კარიერის დასაწყისში სწორედ აქ მიიღო ჭრილობა  პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში  გერმანელებსა და ფრანგებს შორის შეტაკებისას, რასაც მოჰყვა ბელგიელთა სისტემატური ხოცვა-ჟლეტა გერმანელთა მხრიდან.

შემდეგ შემოგეგებებათ საქსოფონებიანი  ხიდი, რადგან დინანტი გახლავთ ადოლფ საქსის მშობლიური ქალაქი. ჯაზის მოყვარულებმა გეზი მარცხნივ  უნდა აიღოთ და ადოლფ საქსის მუზეუმს ესტუმროთ. შეგიძლიათ გვერდით დაუჯდეთ და ჯაზ-შთაბეჭდილებებიც გაუზიაროთ.

ისტორიის მოყვარულებმა კი გზა პირდაპირ, ციტადელის მიმართულებით გააგრძელეთ, სადაც ვიდეო-აუდიო ეფექტების დახმარებით იდეალურად შეიგრძნობთ პირველი მსოფლიო ომის სისასტიკეს.

ეს ქალაქი არც ბელგიური ლუდის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ყველასათვის საყვარელი ლუდი Leffe-ს სახელწოდებაც დინანტში არსებული სააბატოდან მომდინარეობს. შეუარეთ Leffe-ს სააბატოს და ამ ლუდის შემქმნელი ბელგიელი ბერების ისტორიასაც გაეცანით.

დინანტი ერთგავარად გემოვნებიანი, ზომიერად საინტერესო, მისტიკური, მიმზიდველი და კეკლუცი ქალაქია. აუცილებლად ესტუმრეთ მინიატურული სუვენირების მაღაზიას, დაათვალიერეთ ეზოები, გაიცანით მხიარული და თავაზიანი  დინანტელები.

დარწმუნებული ვარ, იქ კიდევ ბევრ საინტერესოს იპოვით…

ეს ის ქალაქია აღმოჩენა რომ სჭირდება ❤

Advertisements

3 მუტანტი

იტალია საოცარი ქვეყანაა.

აქ თავს ნამდვილ ქალბატონად გრძნობთ, ხანდახან ქალღმერთადაც კი! არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცი ფერარით მიჰქრის თუ ველოსიპედით, იგი აუცილებლად აგადევნებთ კომპლიმენტს თქვენი შეუდარებელი სილამაზის შესახებ.

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი კუთვნილი სილამაზე და იტალიაში ეს სილამაზე არასოდეს რჩება შეუმჩნეველი.

ეს ის ქვეყანაა სადაც შოპინგზეც კი უზომოდ გამოპრანჭულმა და ქუსლიანებით გამომწვევად უნდა იპაკუნოთ.

მე და ჩემმა ბიძაშვილმაც არ ვუღალატეთ იტალიურ ტრადიციებს და ბოლონიურ მაღაზიებს შევუარეთ. თავდაუზოგავად ვიშოპინგეთ, ყველაფერი ვიყიდეთ. ბლერ ვოლდორფებივით მარგალიტის სამაჯურივით გვქონდა ასხმული ნადავლები, არაფრით არ ვათავსებდით ყველას ერთ პარკში და 34-ივე პარკი გმირულად გვქონდა გადანაწილებული.

დაღლილ-დაქანცულები, 40 გრადუს სიცხეში, მაკდონალდსში მივფორთხდით, ბურგერზე დამთავრებული ყველა სიტყვა შევუკვეთეთ და მეორე სართულზე მყუდრო მაგიდასთან სულები განვუტევეთ!

როგორც კი მოვსულიერდით, ნადავლის დათვალიერება გადავწყვიტეთ. აშკარად 33 პარკია. მაინცდამაინც შიდა თეთრეულის, ტრუსების მომცრო ზომის პარკი არ არის! 3-ჯერ გადავამოწმეთ და 3-ჯერვე მხოლოდ ის პარკი არ ჩანდა.

ავისხით ჩვენი მონაპოვარი და გავუდექით უკვე გავლილ გზას, იქნებ გვეპოვნა ჩვენი დაკარგული ტრუსები.გზა ისე იყო გაწმენდილი, 1 ნამცეცსაც ვერ ნახავდით!

ჩემი ბიძაშვილი ცოტა მორცხვია, მაგრამ მაინც შევთავაზე იქნებ მაკდონალდსში ვიკითხოთ თქო. დავითანხმე, ოღონდ მე უნდა მეკითხა ინგლისურ ენაზე. როგორც იქნა მივაღწიეთ და ჩემი გაპარჭყულ-ოფიციალური ინგლისურით თავაზიანად ვეკითხები კონსულტანტს, ზუსტად 3-ჯერ გამამეორებინა შეკითხვა. შემდეგ სუპერვაიზორს დაუძახა და ეს ყველაფერი გაპარჭყულ-ოფიციალურ-ცოტა ნერვებნაღალატევად  უკვე მეოთხედ გავუმეორე ტანმაღალ, სუსტ,ულვაშიან,მოქედმაღლო გამოხედვის მქონე მამრს. თანდათან იქ მსხდომი საზოგადოების ყურადღებასაც ვიქცევთ. სუპერვაიზორმა ინგლისური არ იცოდა და საქმეში ჩემი ბიძაშვილიც ჩაერთო თავის მორიდებული იტალიურით,რომელიც ხმადაბალი და მორცხვი ტონით უხსნის, რომ ჩვენ 1 პარკი დავკარგეთ. დაიჩივლა, არ მესმისო. ლანამაც ხმამაღლა გასძახა.  შეწუხდა ყველა, დაიწყეს ძებნა, სკამებიდან ადგნენ, მაგიდების ქვეშ შეიხედეს, ძაღლებიც ააყენეს, როგორი პარკი დაკარგეთო, რა ფერი იყოო…დატრიალდა მთელი მაკდონალდსი.

ჩოჩქოლს ბოლო სუპერვაიზორმა მოუღო: გოგონებო, ჩვენ გვაქვს აქ ერთი პარკიო. (თან გვაჩვენებს) ჩვენც ვიცანით ჩვენი დაკარგული ნადავლი,ვხტით სიხარულით, ხელებს ვიშვერთ ეგ არის, ეგ არის თქო.
მამრი არ დრკება!
-თუ მეტყვით შიგნით რა გქონდათ დაგიბრუნებთო.

ლანამ არც აცია,არც აცხელა და ტრეს მუტანტიო.

არ მესმის,არ მესმისო.

ლანამაც გასძახა ტრეს მუტანტინეო

გავგიჟდი ლანა რა დროს მუტანტები და დევებია, ცოტა სერიოზულად თქო.

გამწარებული, სირცხვილისგან ლოყებაწითლებული ლანა მარცხენა ფეხზე ფეხს მაბიჯებს და თან მეჩურჩულება(ვითომ იქ ყველას ესმის ქართული): მაცადე,ასე ჰქვია იტალიურადო,ტრუსიკები და ჯანდაბა ჩვენო!

სუპერვაიზორმაც, აბა როგორებიო)))

მარწყვიანებიო.

ამოიღო მაინცდამაინც მარწყვიანი, არც თუ ისე გულუხვად შეკერილი მუტანტი, მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებლი თითით უჭირავს რაც შეიძლება მაღლა და ამბობს: უი მართლაც აქვს მარწყვებიო.

შემდეგ მეკობრეების მხიარული როჯერივით აფრიალა ეს ჩვენი მარწყვებიანი მუტანტი და შესძახა მარცხენა წარბის აწევითა და იქედნური გამოხედვით:

აბა თუ იცანითო…

ჩვენც მორცხვად თავი დავუქნიეთ.

-ჰმ ასეთი მოუხერხებელი მუტანტები დიდ ხანს არ ატაროთ, რაც შეიძლება სწრაფად მოიშორეთ ხოლმეო და გამოგვიწოდა.

სადღაც ჩავკუჭეთ, ჩავჩურთეთ ეს ჩვენი მუტანტები,თვალის დახამხამებაში მოვტრიალდით და დაუფიქრებლად გამოვვარდით შენობიდან.

იმ ხალხის ხარხარი გარეთაც გვესმოდა 🙂

შობა ტყიბულში

ყოველ ზამთარს ყელ-ყურის ტკივილი სავალდებულო სახდელივით მქონდა. დედაც დაიტანჯა სულ ჩემი ტანჯვის ყურებით და დიიიდი ცისფერი ნაქსოვი კაშნე მიყიდა, ქუდითა და ჯიბეებით. იმდენად დიდი რომ ახლაც დიდი მაქვს: მეც ვიყავი შიგ გახვეული ესკიმოსელი ბავშვივით და მხოლოდ თვალებისთვის მქონდა შენარჩუნებული მხედველობითი ფუნქცია.
შობის მოახლოებისას ტრადიციულად ავჯანყდი,დეიდასთან და დეიდაშვილთან მინდოდა ტყიბულში. მეც გამხვიეს ჩემს ცისფერ ქუდ-ჯიბეებიან ყაბალახში და გამგზავნეს დეიდასთან.
დეიდა ტყიბულში ცხოვრობს. ძალიან გულკეთილი ადამიანია. პატარა ბინა აქვს- სავსე სიყვარულითა და სიმყუდროვით. ტყიბულიც განსხვავებული ქალაქია, თითქოს ერთი დიდი ოჯახია,ყველა იცნობს ერთმანეთის ლხინსა თუ გასაჭირს. თუმცა მაშინ არც არავის გვილხინდა.
6 იანვარი იყო, ბნელი 90-იანები ან კიდევ ახალი საუკუნის დასაწყისი,არც შუქი გვქონდა, არც გაზი, არც წყალი…სულ არაფერი გვქონდა. ვისხედით სანთლის ირგვლივ, ღუმელს მითბუნულები და ველოდებოდით მახარობლებს.
გახდა 6 საათი, 7, 8… მახარობლები არადა არ ჩანდნენ. ხელშესახებს ვერც ვერაფერს ვუწილადებდით. 90-იანები იყო და არავის არაფერი გვქონდა. მახარობლებმაც იცოდნენ და ყველამ საკუთარ სახლებში დარჩენა ამჯობინა. ერთხმად გადავწყვიტეთ, ისინი თუ არ მოვლენ ჩვენ უნდა ვახაროთ თქო!
გავახვიეთ ცოტნე ჩემს დიდი ცისფერ კაშნეში (თუმცა უნდა ვაღიარო, მას სულ არ ჰქონდა საოცრად დიდი) და წავიდა შობის მახარობლად ცივ, სუსხიან და ბნელ ღამეში.
ჩვენც გვინდოდა, მაგრამ იქნებ მოსულიყვნენ მახარობლები…
რამდენიმე საათში კარის უკან ცოტნე ყინვისგან აწითლებული ლოყებით ამაყად გასძახოდა ალილოს…ომახიანად გვახარებდა უფლის შობას, ცისფერი კაშნე სულ დათოვლილი ჰქონდა, ხელებიც ყინვისგან წითელი, კაშნეს ჯიბეები ხურჯინებივით გაეტენა მანდარინებით და გასძახოდა “ქრისტე იშვა ბეთლემსაო”. უცებ მივაქანეთ ღუმელთან, ხან თოვლის ფიფქებს ვაცლიდით, ხან ხელებს ვუთბობდით, ცოტნე კი სიხარულისგან გაბრწყინებული სახით ჰყვებოდა, როგორ გაახარა ყველა მისმა სტუმრობამ…როგორ ერიდებოდა ყველას ალილოზე წასვლა იმდროინდელი სიდუხჭირის გამო.
ბევრი წელი გავიდა იმ შობის შემდეგ და ის იყო ყველაზე თბილი.
იესოც ხომ ცივ, ბნელ ბაგაში დაიბადა.
ბედნიერება სიყვარულშია, წრფელ, უანგარო სიყვარულში, ცოტნეს გაყინულ თითებსა და ქრისტეს შობისგან გახარებულ ცისფერ თვალებში.
შობა ჩემი დედის ლოცვაშია, სანთლებით განათებულ სარკმლებში, ჩემი ბავშვების ღიმილში, მახარობლების ომახიან ალილოში…იმიტომ რომ “სიყვარული თავად არს ღმერთი”
შობას გილოცავთ,ჩემებო ❤
თქვენს გულებში სიკეთის და სიყვარულის შობის დღე ყოფილიყოს ❤